სამხრეთ ნორვეგიაში წითელი გაფრთხილება გამოცხადდა მოსალოდნელი სტიქიის მოახლოების გამო, რომელიც შეიძლება 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა წვიმამ გამოიწვიოს.
თავდაპირველად, ნორვეგიის მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა და ნორვეგიის წყლისა და ენერგიის დეპარტამენტმა გაფრთხილების ნარინჯისფერი დონე გამოაცხადეს, მაგრამ შემდეგ იგი წითლით შეცვალეს. ნორვეგიაში საფრთხის ამ დონეს იშვიათად აცხადებენ.
ძლიერი წვიმა წყალდიდობის საშიშროებას ქმნის. სპეციალისტების პროგნოზით, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტებიდან გადმოსვლა და გზების გადაკეტვა, ასევე მეწყერი.
როგორ ემზადებიან ნორვეგიაში მოსალოდნელი სტიქიისთვის
უამინდობის შესაძლო შედეგების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს რისკის ყველაზე დიდ ზონაში არსებული მუნიციპალიტეტები და შეიქმნა სპეციალური კრიზისული ჯგუფი.
სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში მოსალოდნელი სტიქიისთვის ემზადებიან.
რამდენიმე სამაშველო სამსახური დამატებითი პერსონალით აღიჭურვა.
მოსახლეობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ თავიანთი სახლების მიმდებარედ არსებული რისკები და მოემზადონ უამინდობისთვის, გადადონ მთაში სეირნობა და მოგზაურობა და გაითვალისწინონ, რომ ელექტროენერგია და კომუნიკაციები შესაძლოა გაითიშოს.
ასევე, დარწმუნდნენ, რომ მათი მანქანები არ იყოს ძალიან ახლოს მიდინარის გასწვრივ არსებულ გზებთან, რომ ნაკადულები და მდინარეები არ იყოს გადაკეტილი ტოტებით და ასე შემდეგ.
სლოვენიას ამ კვირაში კატასტროფული წყალდიდობა დაატყდა, სადაც უამინდობამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.