საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2023 წლის 18 აპრილს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს, განაცხადა.
„ახლახანს მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა.18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით. ვიცი, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ“, – თქვა მან.
პრეზიდენტის თქმით, ის აპირებს ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება.
„პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ როცა ხალხს და ხელისუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირს, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც არის დამაბალანსებელი და გამაერთიანებელი…
დღეს ყველანი არჩევანის წინაშე ვართ, ხელისუფლებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდატს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვკარგავთ ყველანაირ შანსს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მხოლოდ რეკომენდაციების ფორმალური შესრულება ან მხოლოდ სამოქალაქო სექტორის აქტიურობა შედეგს ვერ მოიტანს.
„ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალაქო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.