„ერთი მაგალითი მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, როგორც თავის თავის გაძლიერება, არის ისრაელი. ისრაელს აქვს ამ მხრივ ძალიან ბევრი ჩვენთვის სასწავლებელი, რომ ჩვენ მივყვეთ ამ გზას და ამითი ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი დიასპორა, ე.ი. ჩვენი თავი იმიტომ, რომ ეს არის კავშირი იმ ყველა ქვეყანასთან, რომელსაც გვინდა, რომ დავემსგავსოთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში ორმაგი მოქალაქეობის არსებობაში მისი წვლილიცაა.
„მე მიმაჩნია და ამას ჩემი წარმომადგენლები კომისიაში ბოლომდე მიყვებიან, რომ წარმოშობით ყველა ქართველს, მათ შვილებს, ყველას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ, არის რაღაც ტესტები, სამი წელია იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკებები, გავამარტივოთ, ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს ვინ იყო შუშანიკის დედა. ნუ ვეკითხებით! ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ იყვნენ ქართველები?! ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, „ოჰ, ქართველია თურმე“. ახლა უნდა ჩვენ მათ მივაწვდინოთ ეს ხელი, რომ, მოდით, იყავით ქართველი, იყავით ინგლისელი, გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ იყავით ასევე ქართველი, იმიტომ, რომ ეს ბმა, რაც გაქვთ ჩვენთან, არის ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აუცილებელი. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა. ეს არის მათი პირველი მოთხოვნა“, – თქვა პრეზიდენტმა.
„აქ მაქვს მთელი სია, 15 მაისიდან დღემდე, რაც გავიდა კომისიაში რუსეთიდან მოთხოვნები მოქალაქეობის, მე პირადად, სადაც არის რამე უსაფრთხოების კითხვა, იქ ჩემი წარმომადგენელი არ აძლევს ხმას. მაგრამ თუ არ არის უსაფრთხოებიდან რამე კითხვა, რომ ვთქვათ, სამხედრო თანამდებობა ეკავა ან რაღაც უსაფრთხოების კუთხით შეიძლება იყოს კითხვის ნიშანი, იმათ არა, დანარჩენებს ყველას. იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი შვილები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ. არ მაინტერესებს რუსეთში თუ ამერიკაში ცხოვრობდნენ და ვერ თუ არ ჩამოდიოდნენ, მთავარი არის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს უფლება, რომ ეს ხალხი დაკარგოს. და სხვათა შორის, არცერთ ქვეყანას არა აქვს ამის უფლება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის პატარა ქვეყნისთვის. აბა, რისთვის ჩვენ მერე რაღაც ცეკვა-თამაშებისთვის იქ რაღაც თანხებს ვუგზავნით, ეს არ არის დაცვა დიასპორის. ეს არ არის დახმარება დიასპორის. დახმარება არის, რომ ჩავთვალოთ ისინი როგორც ჩვენიანები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მთავარია, მათ იგრძნონ, რომ აქვთ რაღაც როლი ამ ქვეყანაში, „ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, განათლებაში, რომ ჩამოვიდნენ, დაგვეხმარონ. ექიმები გვყავს მთელ მსოფლიოში, ყველანი წარმატებული. ჩვენ აქ არ ვუხსნით გზას, რომ მაინცდამაინც ჩამოვიდნენ და დაგვეხმარონ“.