დღეს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და ბუჩას ტრაგედიისას დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი:
„სანამ მიმართვას დავიწყებდე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას, დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას.
31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით საკუთარი მომავალი გადაწყვიტა. „აღსრულდა ნება ქართველი ერისა“ – ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება. თქვენ წინაშე გამოსვლისთვის, სწორედ, ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე, რამეთუ საქართველო დღესაც, გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ისევე, როგორც მაშინ, ეროვნული ინტერესი, ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი, მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას.
31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია – ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე ჩაწერილ მუხლი 78: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა