საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაზე განიხილავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტმა ეს საკითხი ოფიციალური განაცხადის მიღებიდან 2 კვირის ვადაში უნდა განიხილოს.
„მას შემდეგ, რაც ოფიციალური ინფორმაცია შემოვა, ოფიციალური განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი უნდა შედგეს. ვვარაუდობ, რომ გამოიგზავნება და დადგენილების პროექტს ხვალინდელ ბიუროზე წარმოვადგენთ.
პარლამენტს შეტყობინების მიღებიდან 2 კვირა აქვს, რომ განიხილოს და კენჭი უყაროს ამ საკითხს, ვინაიდან ჩვენ მიმდინარე კვირა სასესიო გვაქვს, მომავალი კი არ არის სასესიო, მიმდინარე კვირაში აჯობებს ამ საკითხის განხილვა. ამიტომ ხვალ, ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოგიდგენთ, რომელიც პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა…
დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს და ვკითხავთ თუ ექნება მას მონაწილეობის სურვილი და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. პარლამენტი ამ საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის. როგორც იცით, იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 100 ხმა სჭირდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.