გლობალურ ვაჭრობაში პრობლემებია, რადგან ტრანსპორტირების ხარჯები იზრდება, მატულობს გარემოს დაბინძურებაც. ტრანსპორტირების ღირებულებამ გაზაფხულზე შედარებით დაიკლო, თუმცა ახლა კვლავ იწყებს ზრდას.
Drewry World Container Index-ის მონაცემებით, რომელიც ტვირთების ბაზარს აკონტროლებს, წინა კვირაში საკონტეინერო გადაზიდვის ფასი გაიზარდა 10%-ით $5,868 დოლარამდე, 40 ფუტიანი სტანდარტული კონტეინერისთვის. ხოლო 2024 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ტრანსპორტირების ფასმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 233%-ით მოიმატა.
რატომ იზრდება გადაზიდვის ფასი
წითელ ზღვაში გადაადგილება, რომელიც გლობალური ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი მარშრუტია, კვლაც საშიშია. იემენელი ჰუთები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის მიმდინარე კონფლიქტში პალესტინელების მხარეს არიან, ექვს თვეზე მეტია სავაჭრო გემებს თავს ესხმიან.
20 ივნისს მათი საჰაერო თავდასხმის შედეგად წითელ ზღვაში ქვანახშირის გადამზიდავი გემი ჩაიძირა.
ექსპერტების პროგნოზით, კომერციულ ვაჭრობას მსოფლიო მასშტაბით სატვირთო დანახარჯების და საქონლის დაზღვევის გაძვირება ემუქრება.
რადგან გემების დაკარგვის რისკი მკვეთრად გაიზარდა, გემთმფლობელებს უფრო მაღალი სადაზღვევო ხარჯების გაღება უწევთ.
ხოლო უსაფრთხოების მიზნით სუეცის არხის გვერდის ავლით, იმედის კონცხის გარშემო ნავიგაციამ მგზავრობის დრო და საწვავის მოხმარება გაზარდა.
სამხრეთ აფრიკის გარშემო შემოვლითი გზა მეტ გემს საჭიროებს, რადგან ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ ზღვაში. შედეგად, გადამზიდავ კომპანიებს მეტი გემის და პერსონალის დაქირავება უწევთ.
მარშრუტის შეცვლის გამო 2024 წელს კონტეინერისთვის მგზავრობის საშუალო მანძილი 9%-ით არის გაზრდილი, ვიდრე 2022 წელს იყო.
ეკოლოგიური და პანამის არხის პრობლემები
უფრო გრძელ მარშრუტზე გადაზიდვა ზრდის სათბური გაზების ემისიასაც. გემებმა გაზარდეს სიჩქარე, რამაც გამონაბოლქვის ზრდა გამოიწვია.
გლობალური ვაჭრობა ასევე შეფერხებულია პანამის არხში წყლის დაბალი დონის გამო.
შედეგად, ამერიკელ გადამზიდავებს აღმოსავლეთ აზიასთან დამაკავშირებელი საზღვაო მარშრუტი შეცვლა მოუწევთ. მათ საქონელი დასავლეთ სანაპიროს პორტებიდან სარკინიგზო ან საავტომობილო გზით უნდა გადაიტანონ აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე პორტებამდე.