საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის ღირებულება კვლავ იზრდება წითელ ზღვაში დაძაბული ვითარების ფონზე.
ბრიტანული საზღვაო კვლევითი კომპანიის Drewry-ის World Container Index-ის (WCI) მონაცემებით, ტრანსპორტირების ხარჯები იზრდება წითელ ზღვაში გემებზე იემენელი ჰუთების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.
კვლევითი კომპანიის პროგნოზის თანახმად, მომდევნო რვა კვირის განმავლობაში, ტრანსპორტირების ხარჯები გაიზრდება.
იემენის შეიარაღებული ძალების შეტევებმა სუეცის არხში გემების გადაადგილება შეაჩერა. მათ უფრო გრძელი მარშრუტით, აფრიკის იმედის კონცხის შემოვლით უწევთ მოძრაობა, რამაც გადაადგილების დრო 10 დღიდან ორ კვირამდე გაზარდა. შესაბამისად, გაზრდილია გადაზიდვის ღირებულებაც.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, სუეცის არხში გემების მოძრაობა შემცირდა 44%-ით, იმედის კონცხის მიმართულებით 55,5%-ით გაიზარდა.
WCI-ის მიხედვით, ტვირთის გადაზიდვის ხარჯები, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს $1,382 -ს შეადგენდა, გაიზარდა 186,8%-ით და 2024 წლის 25 იანვარს $3,964-ს მიაღწია. ეს არის 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ 40-ფუტიანი კონტეინერის ტრანსპორტირების მაქსიმალური ღირებულებაა, რაც პანდემიამდე არსებულ საშუალოზე ფასზე 180%-ით მეტია.
წითელ ზღვაში დაძაბულობის დაწყებიდან, 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება წინა კვირაში დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.
კონტეინერის ფასის ინდექსი ($/40 ფუტი):
გადაზიდვები ყველაზე მეტად შანხაი-ჟენევის მარშრუტზე გაძვირდა, 355,6%-ით. მას მოჰყვება შანხაი-როტერდამის მარშრუტი, რომელიც 325,6%-ით არის გაძვირებული, ხოლო შანხაი-ნიუ-იორკის და შანხაი-ლოს-ანჯელესის მარშრუტებზე ფასები შესაბამისად, 139,7%-ით და 120,4%-ით გაიზარდა.
იემენი აცხადებს, რომ სუეცის არხში მოძრაობას მხოლოდ ისრაელს და მისი მხარდამჭერი ქვეყნების გემებს უკრძალავს, სხვა გემებისთვის კი ამ მარშრუტზე ნავიგაცია უსაფრთხოა.