საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დაიწყო.
საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29-31 აგვისტოს განმწესრიგებელ სხდომაზე გაიმართება. დღეს სასამართლო რუსული კანონის სადაო ნორმებსა და მის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.
მოსამართლეები იმსჯელებენ ორ საკითხზე:
- ცნონ თუ არა სარჩელი დასაშვებად
- არსებითი განხილვის გარეშე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერონ თუ არა იმ ნორმების მოქმედება, რომელიც 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.
სასამართლო განიხილავს პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატების და მედიების: „მთის ამბებისა” და „სტუდია მონიტორის“ სარჩელებს.
ყველა ეს სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება.
პრეზიდენტის სარჩელს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ეკა ბესელია წარმოადგენენ.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური იქნებიან.
ოპოზიციის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენენ დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი.
„მთის ამბებისა“ და „სტუდია მონიტორის“ სარჩელს „მთის ამბების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წარადგენს.
სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები დეპუტატები იქნებიან ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს მოსარჩელეთა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.