აზარტული თამაშების სექტორს გადასახადები ეზრდება. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადი 10%-დან 15%-მდე გაიზრდება. მოთამაშეთა მიერ მოგებული თანხის გატანა 2%-ის ნაცვლად 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით ბიუჯეტს 400 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი ექნება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სათამაშო ბიზნესს ბრუნვა გაეზარდა, რადგან მასში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. მისი ინფორმაციით, ბიზნესის ბრუნვა 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების სახით ბიუჯეტში 157 მილიონი ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.4 მილიონი ლარით, დაახლოებით 28%-ით მეტია.
აზარტული თამაშების მოწყობის დაბეგვრა 2022 წლიდან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ხდება. ონლაინ-კაზინოები განაწილებული მოგების 15%-ის ნაცვლად იხდიან მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის – GGR-ის 10%-ს. ახალი ცვლილების ამოქმედების შემდეგ მათ აღნიშნული გადასახადი 15%-მდე გაეზრდებათ.