საჰაერო გადაზიდვების ტარიფები იზრდება. ფასის ზრდაზე წითელი ზღვის კრიზისი და ჩინური ახალი წლის მოახლოება მოქმედებს.
Baltic Air Freight Index, რომელიც ავიაგადაზიდვების სატარიფო განაკვეთებს აჩვენებს, წინა კვირას 6.4%-ით გაიზარდა.
როგორც ცნობილია, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებმა საზღვაო გადაზიდვები გააძვირა. არის მოლოდინი, რომ განაკვეთი კიდევ აიწევს. ამან გავლენა მოახდინა საჰაერო გადაზიდვებზე. კომპანიების ნაწილმა, შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, საქონლის მთლიანად ან ნაწილობრივ საჰაერო გზით გადაზიდვა დაიწყო.
გარდა ამისა, ტრანსპორტირების ფასები ტრადიციულად მატულობს ჩინური ახალი წლის წინ.
ჩინეთში ბევრი ქარხანა იხურება 8-დღიანი შვებულების გამო, რომელიც წელს 10 თებერვალს იწყება და კომპანიები ცდილობენ, მომხმარებელს მარაგები წინასწარ მიაწოდონ.
ბოლო ერთ კვირაში შანხაის საჰაერო გადაზიდვების ტარიფებმა 8.8%-ით მოიმატა, რასაც ევროპაშიც დიდი ზრდა მოჰყვა.
ჰონგ კონგში განაკვეთები გაიზარდა 5.9%-ით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მარშრუტებზე – 10%-ით.
კომპანია DHL-მა განაცხადა, რომ მას მეტი ტვირთის გაგზავნა უწევს ზღვით გადაზიდვების დაგვიანების გამო.
გლობალური ავიაგადაზიდვის ტარიფები 2022 წლის დასაწყისიდან კლებადი იყო, პანდემიის დროს არსებული პიკის შემდეგ.
საჰაერო გადაზიდვები, როგორც წესი, უფრო ძვირია, ვიდრე საზღვაო გზით ტრანსპორტირება. IATA-ს თანახმად, საჰაერო ტვირთები მოცულობით გლობალური ვაჭრობის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.