საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ავრცელებს განცხადებას, სადაც ისინი ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებაზე, გმობენ დემონსტრანტებზე ძალადობას და მოითხოვენ, რომ ეთერი დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს.
განცხადების ტექსტს ხელს 58 თანამშრომელი აწერს, მათ შორის წამყვანები: ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ ჩიქოვანი.
„ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიკერძოებულია და მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ ასახავს.
“სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად… საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს”, – წერია განცხადებაში.