საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ცვლილების შესახებ, რომელიც სანქციების შესრულების წესს უკავშირდება.
IMF-ის პრესსპიკერმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ ფონდის შეშფოთებას სანქციების აღსრულების წესში შეტანილი საგამონაკლისო ბრძანება იწვევს.
მისივე განმარტებით, აქამდე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასა და სანდოობასთან დაკავშირებით კითხვებს ფინანსური სტაბილურობის თაობაზე შეშფოთებაც დაუმატა.
როგორც ცნობილია, დახმარების გამოყოფის და მეორე ტრანშის გადარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ივნისში უნდა მიღებულიყო, ფონდის საბჭომ გაურკვეველი დროით გადადო. საქართველოს ამ ეტაპზე ფონდისგან $40 მილიონი უნდა მიეღო.
ის გადაიდო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შეიქმნა. ამ ცვლილების შედეგად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი ნათია თურნავამ დაიკავა.
ფონდი აცხადებს, რომ აუცილებელია პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა.
„უფრო ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, – განმარტავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.