საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა კიდევ ერთხელ გადავადდა.
მთავრობის დადგენილებით თიზ-ის ამოქმედების ვადად არაუგვიანეს 2026 წლის 1-ლი მარტი განისაზღვრა.
პროექტს შპს „ასი გრუპ ჯორჯია“ ახორციელებს.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში უნდა მოეწყოს.
თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში უნდა მოეწყოს საბაჟო გამშვები პუნქტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით უნდა აღიჭურვოს.
შესაბამისი ინფრასტრუქტურა შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
- საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის (მათ შორის, ხელბარგის რენტგენოსკანერის) განთავსება;
- სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება; საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);
- საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით უზრუნველყოფა; საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;
- სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა;
- ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
„ასი გრუპ ჯორჯიამ“ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა შეიმუშაოს და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს საგარეჯოს თიზ-ის განაშენიანების დეტალური გეგმა.
ცნობისთვის, საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა რამდენჯერმე გადავადდა. მისი გახსნა 2023 წლის 1-ელ სექტემბერს იყო დაგეგმილი, მოგვიანებით ის 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაიდო. ამჯერად კიდევ ერთი გადავადება გახდა საჭირო.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ასი გრუპ ჯორჯია“ 2021 წელს დაფუძნდა. კომპანიის 80%-ს ნიდერლანდებში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ACE Group International-ი ფლობს, 20%-ს კი დურმიშხან თიგიშვილი. კომპანიის დირექტორი არის საქართველო-იორდანიის ორმაგი მოქალაქე ოსამა ალ შანტი.
თიზი არის ზონა, სადაც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. კერძოდ, ტერიტორიაზე არსებული საწარმოები გათავისუფლებული არიან მოგების გადასახადისგან, ასევე დღგ-გან, არ იბეგრება თიზში უცხოური საქონლის შეტანა და თიზში განხორციელებული ოპერაციები. ამასთან ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია აღნიშნულ ზონაში არსებული ქონება. თიზის საწარმოები არ იხდიან ასევე უცხოური საქონლის შეტანაზე იმპორტის გასახადს. თიზ-ში წარმოებული საქონლის თიზ-დან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ასევე გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან.
ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს, ესენია: ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.
წყარო: bpn