საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 7 დეკემბერს ტვ “პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ერთი ადამიანის სახლი გაჩხრიკა და იქიდან მობილური ტელეფონი ამოიღო.
სამსახურის ინფორმაციით, ამავე საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს კიდევ ერთი ადამიანი.
უწყება მიუთითებს, რომ “ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით”, ჩაატარა გ. ლ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. საგამოძიებო სამსახურის მიერ გ.ლ. ინიციალებით მითითებული პირი გიორგი ლალიაშვილია, რომლის ვინაობა მედიამ მომხდარიდან მალევე დაადგინა. დაკითხვაზე დაბარებული პირი კი მედიის ინფორმაციით, ლაშა თოფურიძეა.
“ამოღებული მობილური ტელეფონის მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა… საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოიკითხა გ. ლ. და მისი ოჯახის წევრი… საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა, ასევე, ლ.თ., რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედია საშუალებით გავრცელდა.”, -გათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის თქმით, დაზარალებული ჟურნალისტის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
საგამოძიებო პროცესის საილუსტრაციოდ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია ერთი ინსპექტორის მიერ ჩატარებული სამუშაო.
ტვ პირველის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს ნიღბიანი უცნობი პირები. ჟურნალისტებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. მათ ტვინის შერყევა აქვთ და ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.