საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში კომერციული ბანკების დაკრედიტების ტემპი გაიზარდა. ნოემბრის თვეში, ოქტომბერთან შედარებით, სესხების მოცულობა 1,066 მლრდ ლარით გაიზარდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში 953 მილიონი ლარის სესხი გასცეს.
სულ ნოემბრის ბოლოს ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 51,725 მლრდ ლარს მიაღწია, რაც თითქმის 7,5 მლრდ ლარით აღემატება 2022 წლის ნოემბრის მაჩვენებელს.
კომერციულ ბანკებს გაცემულ კრედიტებზე პროცენტის სახით 535 მლნ ლარი აქვთ დარიცხული.
ლარში გაცემული სესხების მოცულობა 423 მილიონი ლარით (+1,54%-ით), ხოლო უცხოურ ვალუტაში 649,22 (+2,87%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1,13%-ით).
ნოემბრის თვეში რეზიდენტ შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 281,85 მილიონი ლარით (+1,84%) და შეადგინა 26,60 მილიარდი ლარი.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები გრძელვადიან კრედიტებზე 46,82 მლრდ ლარს აჭარბებს. მოკლევადიან სესხების სახით კი 3,877 მლრდ ლარია გაცემული.
ნოემბრის ბოლოს მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა შეადგინა 54,5%. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,32%-ით.