საქსტატის მონაცემებით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 254.5 ლარი შეადგინა, რაც 0.3%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2022 ივნისში საარსებო მინიმუმი 255.3 ლარი იყო). თუმცა, გაზრდილია წინა თვესთან შედარებით. მაისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.7 ლარს შეადგენდა.
0,3%-ით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, წინა წლის ივნისთან შედარებით. საქსტატის გათვლებით, საშუალო მომხმარებელს საარსებოდ 225.4 ლარი სჭირდება (2022 ივნისში 226.1 ლარს შეადგენდა).
საარსებო მინიმუმის დონე პირდაპირ კავშირშია ინფლაციის მაჩვენებელთან. საარსებოდ აუცილებელი თანხის ოდენობა ფასების მატების პარალელურად იზრდება და პირიქით, დეფლაციის დროს – მცირდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა.
საარსებო მინიმუმი გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიების მინიმალურ ოდენობას.
მინიმალურ სასურსათო კალათაში სულ 40 დასახელების პროდუქტი შედის. სტატისტიკის სამსახური მათ ფასს ყოველთვიურად აჯამებს და საარსებო მინიმუმის ოდენობას ადგენს.