რუსეთის ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ კიდევ დაეცა და ერთი აშშ დოლარის ფასმა 78 რუბლი შეადგინა. ეს 2022 წლის 20 აპრილის შემდეგ რუბლის ყველაზე დაბალი ფასია. ერთი ევროს ფასმა კი 85 რუბლს მიაღწია.
რუბლის ვარდნა ვერ შეაჩერა ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდამაც.
რუსული ვალუტის კურსი თებერვლის დასაწყისიდან თანდათან იკლებს. ეს დაემთხვა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსი ექსპორტიორებისთვის სავალუტო შემოსავლების სავალდებულო კონვერტაცია გააუქმა.
რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის კურსის ვარდნას ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავლის შემცირებას მიაწერს. რუბლის მკვეთრ ვარდნას რუსეთი ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან იუანის გაყიდვით აჩერებს.
ამავდროულად, სუსტი რუბლი რუსეთის ბიუჯეტს ნავთობისა და გაზის ექსპორტის უფრო მეტ შემოსავალს აძლევს, რადგან ის რესურსებს ძირითადად უცხოურ ვალუტაში ყიდის.