იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
კომიტეტის სხდომა შეჩერებული იყო. მიზეზი დეპუტატებს შორის დაპირისპირება გახდა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სახეში მუშტი დაარტყა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
„რუსული კანონის” განხილვა შეჩერებულია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „რუსული კანონი“ მამუკა მდინარაძემ წარადგინა. სწორედ ის პასუხობდა დეპუტატების კითხვებს საკომიტეტო ტრიბუნიდან. ამ დროსაც მასთან მოულოდნელად ალეკო ელისაშვილი მივიდა და სახეში გაარტყა.
კომიტეტის სხდომა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ განახლდა.
ელისაშვილმა პარლამენტი დატოვა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდებიან ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა..
თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრის მიზანი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დემარშის გამოცხადებაა. ამას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია არ ადასტურებს.