რუსულმა „გაზპრომმა“ ირანის გაზის ეროვნულ კომპანიასთან (NIGC) სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა. ხელშეკრულება ირანში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს.
თეირანმა განაცხადა, რომ ირან-რუსეთის შეთანხმება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს მთელ ახლო აღმოსავლეთს.
„გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა და ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის სხვა მიმართულებებიც განიხილეს.
„გაზპრომმა“ ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად აჩვენა წლიური ზარალი, რაც ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია.
2023 წელს კომპანიის წმინდა ზარალმა $6,7 მილიარდი შეადგინა. ეს მკვეთრი ვარდნაა 2022 წელთან შედარებით, როცა გაზპრომმა $13.2 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო.
გაზის გაყიდვიდან კომპანიის შემოსავალი შემცირდა 40%-ით, $47,4 მილიარდამდე, ხოლო ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 4%-ით და $38 მილიარდამდე გაიზარდა. გაუმჯობესდა ელექტროენერგიის გაყიდვები 6%-ით და $6,6 მილიარდი შეადგინა.
რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროკავშირში 2023 წელს 55,6%-ით შემცირდა(28,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე), უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებული სანქციებისა და Nord Stream მილსადენების დივერსიის გამო.
სანაცვლოდ, გაზპრომმა ექსპორტი აზიისკენ გადაამისამართა, ძირითადად ჩინეთში, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი შემსყიდველი გახდა.
კომპანია ამბობს, რომ ციმბირის მილსადენების სრული სიმძლავრით ამუშავების შემთხვევაში, რუსული აირის ექსპორტმა ჩინეთში წლიურად შეიძლება 100 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწიოს და აზიის ბაზარი მთლიანად ჩაანაცვლებს ევროკავშირს.