რუსეთის პრეზიდენტის მიერ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებზე შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, რუსული ავიახაზები აცხადებს, რომ მოსკოვიდან თბილისში და უკან კვირაში შვიდჯერ იფრენენ.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანიები ემზადებიან რეისების აღსადგენად. ფრენები რუსული წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება.
რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების გამოცემის შემდეგ შეწყდა.
ფრენების შეწყვეტამდე რუსეთიდან საქართველოში დაფრინავდნენ Aeroflot, Ural Airlines, S7, Red Wings, UTair, Pobeda. რუსეთის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways და MyWay Airlines ახორციელებდა.