ამჟამად უკრაინა აკონტროლებს გაზის საზომ სადგურს( ბუნებრივი გაზის ხარჯვის აღრიცხვის კვანძი) რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, ამის შესახებ The Washington Post უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, უკრაინის არმია მეოთხე დღეა უტევს რუსეთის კურსკის ოლქს. უკრაინელი მებრძოლები ქალაქ სუჯას გარშემო არიან გამაგრებული.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კიევს შესაძლოა გეგმაში ჰქონდეს ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების მთლიანად შეუწყვეტა, რათა ეს ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენოს.
„უკრაინა იღებს მაღალ სატრანზიტო საფასურს, მაგრამ გამოთქვა სურვილი, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკული ბიზნესი ევროპაში“, – ნათქვამია სტატიაში.
რუსმა ბლოგერებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სუჯას გაზის საზომი სადგურის დაკავების შესახებ 7 აგვისტოს დაწერეს, თუმცა ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ მომხდარა.
სუჯას სადგურის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 7 აგვისტოს ევროპაში გაზის ფასმა წლევანდელი წლის მაქსიმუმს მიაღწია.
8 აგვისტოს გაზის გაძვირება გაგრძელდა.
Gazprom-მა განაცხადა, რომ ხუთშაბათს სუჯას პუნქტში გაზის დღიური ტრანზიტი 37,3 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა, რაც შემცირებული ოდენობაა. კომპანიამ ტრანზიტის კლება მომხმარებელთა მხრიდან ნაკლები მოთხოვნით ახსნა.
ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, კურსკის ოლქში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ორი ბატალიონი ალყაშია მოქცეული.