რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭო რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა და რეფინანსირების განაკვეთი 3,5%-ით – 8,5%-დან 12%-მდე გაზარდა.
ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ფასების სტაბილურობის მიზნით მიიღეს.
„ინფლაციური ზეწოლა მატულობს. წლიური ინფლაცია 4.4%-მდე გაიზარდა და ფასების ზრდის ტემპი აგრძელებს დაჩქარებას. საბაზო ინფლაციის იგივე მაჩვენებელი 7.1%-მდე გაიზარდა“, – ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.
შიდა მოთხოვნის ზრდა, რომელიც აღემატება წარმოების გაფართოების შესაძლებლობებს, აძლიერებს მუდმივ ინფლაციურ ზეწოლას და გავლენას ახდენს რუბლის კურსზე იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.
შედეგად, იზრდება რუბლის გაუფასურების ეფექტი ფასებზე და ინფლაციური მოლოდინები.
14 აგვისტოს რუბლის ოფიციალურმა კურსმა დოლარზე 100 რუბლს გადააჭარბა.
რუბლის ვარდნის ტენდენცია უკვე 14 თვეა გრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ მაქსიმ ორეშკინმა რუბლის შესუსტებისა და ინფლაციის აჩქარების მიზეზად რბილი მონეტარული პოლიტიკა დაასახელა, რასაც ცენტრალურმა ბანკმა რიგგარეშე სხდომის მოწვევითა და განაკვეთის ზრდით უპასუხა.