რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 13%-მდე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაის აუცილებლობა გაზრდილი ინფლაციითაა განპირობებული, რასაც ემატება შიდა მოთხოვნის ზრდა და რუბლის დასუსტება ზაფხულის თვეებში.
გაიზარდა 2023 წლის ინფლაციის პროგნოზიც – ცენტრალური ბანკი მიმდინარე წელს ფასების 6-7%-იან ზრდას ვარაუდობს 5-6,5%-ის ნაცვლად.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განმარტა, რომ ინფლაციის მიზნობრივ 4%-იან ნიშნულზე დაბრუნებას ხანგრძლივი დრო დასჭირდება. ამასთანავე, ბანკი მომდევნო თვეებში მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას ვარაუდობს.
უწყებამ 2023 წლის ბოლომდე განაკვეთის პროგნოზი 13.0-13.6%-მდე გაზარდა ივლისში ნავარაუდევი 8.5-9.3%-დან.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ მოსკოვის ბირჟაზე რუბლი დოლართან, ევროსთან და ჩინურ იუანთან მიმართებაში დაეცა. 1 აშშ დოლარი უკვე 96,6 რუბლი ღირს. რუსული ვალუტა წლის დასაწყისიდან აშშ დოლართან მიმართებით უკვე 30%-ზე მეტად არის გაუფასურებული.
ამავდროულად, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა შეამცირა 2024 წელს მშპ-ის ზრდის პროგნოზი. უწყება ეკონომიკის 0,5-1,5% -ით ზრდას ვარაუდობს 0,5-2,5%-ის ნაცვლად. 2023 წლისთვის რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 1,5-2,5%-მდეა.