საქსტატის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ათ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 7,2%-ით არის გაზრდილი.
რუსეთში ექსპორტის ზრდას დიდწილად განაპირობებს ღვინის საექსპორტო ფასის ზრდა, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში $144,075 მილიონი შეადგინა. ღვინო საექსპორტო ჩამონათვალში კვლავაც პირველ ადგილზეა.
ათი თვის საექსპორტო ჩამონათვალში მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს $67 მილიონის ღირებულების 4,959 ავტომობილის ექსპორტით.
თუმცა, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, აგვისტოდან საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. ოქტომბერში რუსეთში მხოლოდ $116 000-ის ღირებულების ავტომობილი გავიდა.
ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს მინერალური წყლებისა და გაზიანი სასმელების ექსპორტს. ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, 36% და 82%-ით მოიმატა.
ათ თვეში რუსეთში $54,288 მილიონის მინერალური და მტკნარი წყლები და 53, 022 მილიონის გაზიანი სასმელები (შაქრის დანამატით) გავიდა.
33%-ით არის გაზრდილი სპირტიანი სასმელების ექსპორტი და $190,343 მილიონს შეადგენს.