რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა 2023 წლის მეოთხე კვარტალში შენელებულია.
ანალიტიკოსების შეფასებით, მაღალი ინფლაციური მოლოდინების ფონზე რუსეთში სამომხმარებლო აქტივობა შემცირდა.
მათი აზრით, საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემდეგ, მოსახლეობა უფრო მეტად ზოგავს, ზოგიერთ სეგმენტში კი სესხებზე მოთხოვნის კლება დაიწყო.
„ფასების ზრდის ტემპი შეჩერდა, მაგრამ მნიშვნელოვნად ჯერ არ შემცირებულა… წლიური ინფლაცია კიდევ რამდენიმე თვე გაიზრდება“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის მიმოხილვაში.
რუსული რუბლი ეცემა აშშ დოლარის და ჩინური იუანის მიმართ. უარყოფითი დინამიკა, რომელიც რამდენიმე სესიაა გრძელდება, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნამ დააჩქარა.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 2023 წლის ოქტომბერში გააორმაგა და 15%-მდე გაზარდა.
ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში საქონლის იმპორტი უფრო დაბალი იყო, ვიდრე 2023 წლის სექტემბერსა და 2022 წლის ოქტომბერში.
„ეს ტენდენცია შეიძლება ნოემბერში გაგრძელდეს“, – აცხადებს ცენტრალური ბანკი.
რუსეთში ეკონომიკური ზრდა მეორე კვარტალში 4,8% იყო.
რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, მესამე კვარტალში მშპ 3.6%-ით გაიზრდება, მეოთხეში – 1.5%-ით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ რუსეთის ეკონომიკა წელს 1,5%-ით გაიზრდება. ფონდი 2024 წლისთვის მშპ-ის 1,3%-იან ზრდას ელოდება.