რუსეთის არმიის დანაკარგებმა ფრონტზე უმაღლეს დონეს მიაღწია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ და შესაბამისად, მოსკოვს რეზერვები აღარ ჰყოფნის. ამის შესახებ Bloomberg კრემლთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ერთ-ერთი წყარო ეუბნება, რომ რუსეთის რეგიონებიჯარში გაწვევის კვოტებს მხოლოდ მესამედით ასრულებენ, მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა საკონტრაქტო ჯარისკაცებისთვის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რუსეთს ამჟამად ასობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს ფრონტზე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, მაგრამ ოკუპანტ არმიას აღარ შესწევს ძალა მოიგერიოს უკრაინელების შეტევა კურსკის რეგიონში და აღადგინოს კონტროლი საზღვარზე. ის რეზერვების ნაკლებობას განიცდის.
ამ სიტუაციამ შესაძლოა აიძულოს რუსეთის ხელისუფლება განახორციელოს ახალი მობილიზაცია, ეუბნება სააგენტოს ორი წყარო.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Bloomberg–მა უთხრა, რომ კრემლმა მობილიზაციას შეიძლება დაარქვას „როტაცია“. მეორე წყარო ირწმუნება, რომ მობილიზაციის ბრძანება შესაძლოა 2024 წლის ბოლოს გაიცეს.
2022 წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ეგრეთ წოდებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა, რა დროსაც ჯარში 300 ათასი ადამიანი გაიწვიეს. ოქტომბრის ბოლოს მან თქვა, რომ მობილიზაცია დასრულდა, თუმცა შესაბამის განკარგულებისთვის მას ხელი არ მოუწერია. მას შემდეგ კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთში ახალი მობილიზაცია არ იქნებოდა. ბოლოს პუტინმა ამის შესახებ 2024 წლის ივნისში განაცხადა. უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრის შემდეგ მან თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების დადების მსურველთა რიცხვი გაიზარდა.