რუსეთი აწარმოებს ფარულ მოლაპარაკებებს თურქეთთან მარცვლეულის ექსპორტზე. ამის შესახებ Bild ორ ქვეყანას შორის არსებულ მიმოწერაზე დაყრდნობით წერს.
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მოსკოვმა ანკარას შესთავაზა მემორანდუმის გაფორმება მისი მარცვლეულის ექსპორტზე. მემორანდუმის მიხედვით, მიწოდება განხორციელდება გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ეგიდით და ის კატარის მიერ იქნება დაფინანსებული.
არსებული ინფორმაციით, თურქულმა მხარემ პუტინს შესთავაზა ასეთი შეთანხმების გაფორმება იმ პირობით, თუ რუსეთი დაუბრუნდება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას. ანუ თურქეთს სურს, რუსული მარცვლეულის გატარების პარალელურად, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტიც უზრუნველყოს.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურები, Bild-ის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ შეთანხმება თურქეთს, რუსეთსა და კატარს შორის შეიძლება, 26-27 აგვისტოს დაიდოს უნგრეთში, სადაც მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.
ამისთვის პუტინის რწმუნებული, თათრეთის მთავრობის მეთაური რუსტამ მინნიხანოვი, რომელიც რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მსგავსად სუნიტი მუსლიმია, ბუდაპეშტში ამ შაბათ-კვირას გაემგზავრება. სწორედ უნგრული მხარის დაჟინებული მოთხოვნით, მინნიხანოვი არ შეიყვანეს ევროკავშირის სანქციების სიაში, რათა მან შეძლოს უნგრეთში ჩასვლა.
მინნიხანოვი სავარაუდოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს კვირას, 20 აგვისტოს შეხვდება, იმავე დღეს, როდესაც ერდოღანი უნგრეთში უნდა ჩავიდეს.
Bild-ის ინფორმაციით, რუსული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება შეიძლება, სწორედ ამ დროს შედგეს.
რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან 17 ივლისს გავიდა. გარდა ამისა, მოსკოვმა დაიწყო ოდესისა და დუნაის პორტების საპორტო ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვა.