თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთმა შავ ზღვაში უკრაინის პორტების მისადგომებზე დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის ადამ ჰოჯის თქმით, რუსეთმა შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსაც შეუტიოს და ეს უკრაინას დააბრალოს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმებში უკრაინაზე დადანაშაულების მიზნით“, – თქვა ჰოჯიმ.
ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბლოკვის მცდელობა საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფლოტს.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა მარცვლეულის გარიგების ჩაშლა, რადგან ის აღარ აკმაყოფილებს მათ ინტერესებს.
მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რუსეთმა რეალური მიზეზები დეზინფორმაციით დაფარა და განაცხადა, რომ შეთანხმებიდან გასვლა გამოწვეული იყო იმით, რომ სამოქალაქო გემებს უკრაინული ნაღმები საფრთხეს უქმნიდა და რომ უკრაინამ თითქოს მარცვლეულის დერეფანი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენა. ამის არანაირი მტკიცებულება არ იყო მოწოდებული, – აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის მიმოხილვაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაემუქრა ყველა გემს, რომელიც უკრაინის პორტებისკენ გადაადგილდება.