რუსეთი დომინირებს მარცვლეულის საექსპორტო ბაზარზე. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მონაცემებით, რუსეთი 2022-2023 წლებში იყო ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორი. მან 46 მილიონი ტონა ხორბალი გაყიდა, რაც მსოფლიო ვაჭრობის მეოთხედს შეადგენს.
ჩინეთი ხორბალს ყველაზე დიდი მოცულობით აწარმოებს (2022-2023 წლის სეზონზე – 138 მილიონი ტონა), მაგრამ იმისათვის, რომ თავისი 1,4 მილიარდზე მეტი მოსახლე გამოკვებოს, მას იმპორტიც სჭირდება – წლიურად 10 მილიონ ტონაზე ცოტა მეტი.
ხორბლის კიდევ ერთი დიდი მწარმოებელი ინდოეთია. წინა წლებში მან ჭარბი მარცვლეულის ექსპორტი დაიწყო, მაგრამ შარშანდელი გვალვის გამო ქვეყნიდან გატანაზე შეზღუდვები დაწესდა.
სხვა ძირითადი მწარმოებლები არიან საფრანგეთი, ავსტრალია, შეერთებული შტატები.
რუსეთი წელსაც დიდ მოსავალს ელოდება – დაახლოებით 90 მილიონ ტონას, საიდანაც, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, 46 მილიონ ტონას ექსპორტზე გაიტანს.
რუსეთის შემდეგ უმსხვილესი ექსპორტიორები არიან კანადა, ავსტრალია და შეერთებული შტატები. წელს თითოეული ეს ქვეყანა ექსპორტზე, სავარაუდოდ, 20 მილიონ ტონაზე ნაკლებს გაიტანს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 50 წლის განმავლობაში.
მათ შემდეგ მოდიან საფრანგეთი და უკრაინა, რომლებიც სავარაუდოდ, 10 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტს განახორციელებენ.
2018 წლის შემდეგ თურქეთი რუსული ხორბლის ყველაზე დიდი მომხმარებელია, მას მოსდევს ეგვიპტე. რუსული ხორბლის მნიშვნელოვანი მომხმარებლები არიან სირია და ირანი.