დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტმა პოზიციები შეიცვალა, რაც თავდასხმების რისკების ზრდაზე მიანიშნებს.
როგორც ბრიტანეთის სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი, რუსული საპატრულო გემი სერგეი კოტოვი შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში განთავსდა და ბოსფორის სრუტესა და ოდესის პორტს შორის პატრულირებს.
ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი საპატრულო გემს გამოიყენებს კომერციული გემების დასაჭერად, რომლებიც მისი აზრით, უკრაინაში მიემართებიან.
2023 წლის 17 ივლისს რუსეთი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან და განაცხადა, რომ 20 ივლისიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება უკრაინის პორტებისკენ, განიხილება, როგორც „სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი”.
კრემლის სტრატეგიაა, უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზრიდან გამოდევნა.
2023 წლის 26 ივლისს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მზადაა უზრუნველყოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი სოლიდარობის დერეფნებით, რაც მარცვლეულის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა ევროკავშირის ქვეყნებში ხმელეთით, სარკინიგზო და საავტომობილო გზებით ან შიდა წყლების გავლით.