რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა ღარიბი მოსახლეობის წილი ახალი მეთოდოლოგიით დათვალა და 9,8%-მდე შეამცირა, რაც ისტორიული მინიმუმია.
ოფიციალური სტატისტიკით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ გასულ წელს იყო 14,3 მილიონი რუსი, ანუ მოსახლეობის 9,8%.
ღატაკი რუსების წილი 10%-ზე ნაკლები 1992 წლის შემდეგ არ ყოფილა. 2012 წელს 10,7%-ზე დაფიქსირდა. 2021 წელს ღარიბების წილი, ოფიციალური მონაცემებით, 11% იყო.
როსსტატი მაჩვენებლის შემცირებას ყველაზე ხელმოკლე მოქალაქეებისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემით ხსნის.
ხოლო ექსპერტები Covid-19 ის გამო პენსიონერების გაზრდილ სიკვდილიანობას და სიღარიბის დონის შეფასების არასწორ მეთოდს უკავშირებენ. პანდემიამ ხელი შეუწყო სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებას, რადგან სიკვდილიანობა განსაკუთრებით მაღალი იყო ღარიბ მოქალაქეებში.
რუსი ექსპერტების ნაწილი სიღარიბის მაჩვენებელს არადამაჯერებელს უწოდებს, რადგან ის აანალიზებს მხოლოდ შემოსავალს და არ მოიცავს ხარჯებს.
მოსკოვსა და პეტერბურგში გასულ წელს სიღარიბის მაჩვენებელი 0,5%-ით შემცირდა და შესაბამისად, მოსახლეობის 5% და 4,5% შეადგენდა.
უმძიმესი მდგომარეობაა ინგუშეთსა და ტუვაში: ორივე რეგიონში ოფიციალური მონაცემებითაც, მოსახლეობის თითქმის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
2021 წლიდან როსსტატი ღარიბების რაოდენობას ახალი წესით ანგარიშობს – საარსებო მინიმუმის ინფლაციაზე გამრავლებით. გარდა ამისა, მთავრობამ საარსებო მინიმუმის ახლებურად დათვლა დაიწყო.