ევროკავშირის რვა ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ კრემლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ეკონომიკაზე დასავლეთის სანქციები გავლენას არ ახდენს. ამის შესახებ The Guardian წერს.
მათი თქმით, პუტინი და მისი ავტორიტარული რეჟიმი ავრცელებენ ცრუ ნარატივს, რომ რუსეთის ეკონომიკა ძლიერია და მის სამხედრო მანქანას დასავლეთის სანქციებით ვერ დააზიანებენ.
შვედეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების და პოლონეთის ფინანსთა მინისტრების შეფასებით, ბევრი ნიშანია იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ეკონომიკა უარესდება. სანქციები რუსეთის ეკონომიკას ასუსტებს, მაგრამ მეტის გაკეთება არის საჭირო.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა პუტინის რეჟიმზე და მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, – ნათქვამია ფინანსთა მინისტრების განცხადებაში.
ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლები, რასაც პუტინის რეჟიმი აქვეყნებს, გამოწვეულია სამხედრო მრეწველობით და სახელმწიფო სუბსიდიებით. ეს არის გადახურებული და არა სტაბილური ეკონომიკის ნიშანი. სამხედრო ქარხნები მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობენ და სამუშაო ძალის დეფიციტი იმდენად დიდია, რომ გაჩნდა ინფორმაცია პატიმრობის იძულებითი შრომით ჩანაცვლების შესახებ.
მინისტრები მიუთითებენ ეკონომიკაში არსებული პრობლემების სხვა ნიშნებზე: მზარდი ინფლაცია, რომლის შემცირებაც საპროცენტო განაკვეთების გაზრდით შეუძლებელია; ემბარგო საწვავის და შაქრის ექსპორტზე; მკაცრი კონტროლი კაპიტალის ამოღებაზე.
მინისტრები თვლიან, რომ ეკონომიკის მოკლევადიანი გადახურება, სავარაუდოდ შეაფერხებს პროდუქტიულობის ზრდას და გამოიწვევს კერძო სექტორის სტაგნაციას, ინფლაციის დაჩქარებას და ოჯახების გაღარიბებას.
მაგრამ ამავე დროს, საჭიროა სანქციების გამკაცრება, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ტექნოლოგიები.
ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ განაახლა ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა, რადგან საბითუმო ბაზარზე ფასები წლის დასაწყისიდან მკვეთრად გაიზარდა და AI-95 ბრენდის საწვავის დეფიციტი გაჩნდა.
რუსეთის ეკონომიკის კიდევ ერთი ძირითადი სექტორი, მეტალურგია, ექსპორტის შემცირების წინაშე დგას.
რუსეთში ქვანახშირის წამგებიანი საწარმოების წილმა 52%-ს გადააჭარბა, ნახშირის ექსპორტი კი 12%-ით შემცირდა.