რუსეთის მთავრობა 1-ლი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისი განმარტებით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.
რუსული მედიის ინფორმაციით, „შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს“.
შეგახსენებთ, რომ ეს რუსეთის მხრიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვის პირველი შემთხვევა არ არის.
2023 წლის 21 სექტემბერს რუსეთმა დიზელის ექსპორტი აკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზად შიდა ბაზარზე მაღალი ფასები და საწვავის სიმცირე დაასახელეს.
6 ოქტომბერს მთავრობამ აღნიშნული შეზღუდვა შეამსუბუქა და დიზელის ექსპორტი მილსადენით დაუშვა.
რუსული საწვავის იმპორტი საქართველოში
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მთლიანი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტით რუსეთი პირველ ადგილზეა.
კერძოდ, 2024 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული $80,399 მლნ-ს ნავთობპროდუქტებიდან $37,120 მლნ-ს იმპორტი, 46,1% სწორედ რუსეთიდან განხორციელდა.
2023 წელს კი საქართველომ $1,166 მლრდ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, აქედან $552,138 მლნ დოლარის ღირებულების, ანუ 47,3% რუსეთში იყიდა.