რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა დროებით მოხსნა. მთავრობის დადგენილიების თანახმად, აღნიშნული 30 ივნისამდე იმოქმედებს, 1-ლი ივლისიდან კი შეზღუდვები ძალაში კვლავ შევა და 31 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. 2024 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებული პროდუქციიდან რუსეთზე დაახლოებით 43.5% მოდიოდა. კერძოდ, წელს საქართველომ $422.642 მლნ-ს ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, აქედან $183.787 მლნ-ს რუსეთში.
რაც შეეხება მოცულობას, ამ შემთხვევაში რუსეთის წილი 48%-ს აჭარბებს, კერძოდ, წელს შემოვიდა 494 176 ტონა ნავთობი, აქედან 239 590 რუსეთიდან.
ამ მონაცემებიდან გამოდის, რომ საქართველო ერთ ლიტრ ნავთობპროდუქტებს რუსეთში საშუალოდ 77 ცენტად ყიდულობს, რაც მეორე ადგილზე მყოფი ბულგარეთის ფასებზე თითქმის 14 ცენტით ნაკლებია. ბულგარეთიდან წელს საქართველომ $52.096 მლნ-ს ღირებულების 56 908 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, ლიტრაზე საშუალო ფასი 91 ცენტი იყო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გასულ წელსაც აიკრძალა, რომ საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასები დასტაბილურებულიყო.