რუსეთის ხელისუფლება აპირებს, უკრაინაში მეტი ჩეჩენი მებრძოლი და პატიმარი გაგზავნოს, რათა თავიდან აიცილოს სრული მობილიზაცია ქვეყანაში. ამის შესახებ Bloomberg ევროპული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა მიუთითებს, რუსეთს არმიაში პერსონალის დეფიციტი აქვს მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს, ბახმუტიდან ვაგნერის დაჯგუფება გავიდა. რუსეთი ამ დეფიციტის შევსებას პატიმრებით აპირებს.
ევროპული დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო შენაერთები უკვე დაახლოებით 15 ათასი პატიმრით დააკომპლექტა.
არ გამორიცხავენ, რომ დროთა განმავლობაში რუსეთის არმიაში კიდევ უფრო მეტი პატიმარი იქნება.
გარდა ამისა, ევროპული დაზვერვის წარმომადგენლები თვლიან, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტ ჯარს გაგზავნის უკრაინაში ჩეჩნეთიდან, რომლებსაც, Bloomberg-ის ცნობით, აქამდე შესამჩნევი ეფექტურობა არ გამოუვლენიათ.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენი დამატებითი მებრძოლის გაგზავნა შეუძლია ჩეჩნეთს. 2023 წლის მაისში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ შვიდი ათასი ჩეჩენი ჯარისკაცი უკვე იბრძოდა უკრაინაში და კიდევ 2500 გაწვრთნილი იყო.