საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება სახიფათო ზღვარზეა. უკრაინაში ომის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა იმპორტზე დამოკიდებულების დონე.
რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის საკითხი საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ მოიკვლია.
კვლევაში ნათქვამია, 2023 წლის პირველ ნახევარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 32%-ით გაიზარდა და $1.3 მლრდ შეადგინა.
რუსეთის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 12.4%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია.
2023 წლის იანვარ-ივნისში ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 34%-ით გაიზარდა და $344 მლნ. შეადგინა.
საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო, რაც 1.3%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.
ქართული საქონლის ექსპორტი რუსეთში
2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა – $38 მლნ-ით (275%-ით).
უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი $35 მლნ-ით (113%-ით) გაიზარდა. ღვინის ექსპორტი $24 მილიონით (41%-ით) გაიზარდა, სპირტიანი სასმელების კი – $11 მლნ-ით (82%-ით).
ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთში $82 მლნ-ის ქართული ღვინო გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-იანი ზრდაა.
გაიზარდა საქართველოს ჯამურ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილიც და 65%-ს მიაღწია, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოს ექსპორტი რუსეთში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, მლნ აშშ დოლარი, 2023 წლის იანვარი-ივნისი
მნიშვნელოვნად მხოლოდ ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა – $41 მლნ-ით (47%-ით).
2023 წლის მარტიდან რუსეთმა ფეროშენადნობების იმპორტზე ანტიდემპინგური გადასახადი დააწესა, რამაც საქართველოდან რუსეთში ფეროშენადნობების შეტანა შეაჩერა.
2023 წლის 1-ელი აგვისტოდან საქართველოს მთავრობამ აშშ-დან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში რეექსპორტი აკრძალა. 26 სექტემბრიდან აიკრძალა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტიც.
იმპორტი რუსეთიდან
2023 წლის იანვარ-ივნისში რუსული საქონლის საქართველოში იმპორტი 31%-ით გაიზარდა და $927 მლნ შეადგინა.
საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 12.9% იყო, რაც 1.1%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.
წლის პირველ ნახევარში, რუსეთის წილი იმპორტში ასეთი მაღალი 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. 2021 წლის 6 თვესთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 2-ჯერ არის გაზრდილი.
რუსული საქონლის იმპორტი საქართველოში
2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა – $137 მლნ-ით (75%-ით).
2021 წლის 6 თვესთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი.
ბუნებრივი აირის იმპორტი $45 მლნ-ით (138%-ით) გაიზარდა, შავი ლითონების იმპორტი – $20 მლნ-ით (71%-ით). მნიშვნელოვნად შემცირდა მარგარინის ($22 მლნ-ით, 87%), ელექტროენერგიისა ($15 მლნ-ით, 96%) და სატელეფონო აპარატების (8 მლნ-ით, 96%-ით) იმპორტი.
რუსულ ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება ასევე, ტრადიციულად, მაღალია.
2022 წელს რუსეთიდან $129 მლნ-ის ღირებულების ხორბალი და ფქვილი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 97% იყო. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის და ფქვილის მოცულობა 26 ათასი ტონით (21%) გაიზარდა. რუსულ ხორბალს და ხორბლის ფქვილს საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარებაში 75%-მდე უჭირავს.
რუსული პროდუქციის იმპორტი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, მლნ აშშ დოლარი, 2023 წლის იანვარი-ივნისი
ბოლო წლებში რუსულ ელექტროენერგიას საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. 2022 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 2.6% იყო.
განსხვავებული სიტუაციაა რუსული ბუნებრივი აირის მოხმარებაში. 2019 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში 6.5% ეკავა.
2020 წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2022 წელს 3-ჯერ მეტი (520 მლნ კუბ მეტრი) რუსული ბუნებრივი აირი მოვიხმარეთ, ვიდრე 2019 წელს. 2023 წლის იანვარ-ივნისში, 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და 422 მლნ კუბ მეტრი შეადგინა.
საქართველოს შიდა მოხმარებაში რუსული ბუნებრივი აირის წილი 24%-მდე გაიზარდა, გასული წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, რადგან საქართველოს ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე რუსეთის ბაზარზე. თუმცა, ცალკე აღებული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება გაზრდილია, რაც მაღალი პოლიტიკური რისკების შემცველია.
რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება კი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად, საავტომობილო საწვავის, ბუნებრივი აირისა და შავი ლითონების იმპორტის ზრდის გამო.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს.
ამისთვის საქართველოს მთვარობამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:
- საქართველოს მთავრობამ უნდა დააჩქაროს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება.
- რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს.