რუსეთმა და ირანმა საბანკო სისტემების ინტეგრაცია განახორციელეს. ირანული საბანკო ბარათების გამოიყენება უკვე შესაძლებელია რუსეთში, რაც მათ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. შეთანხმებას, რომელიც საბანკო ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, თეირანმა და მოსკოვმა ივნისში გააფორმეს.
ამჟამად, ირანელებს შეუძლიათ ფულის გატანა რუსეთში და მომავალში, ისინი თავიანთი ბარათების გამოყენებას მაღაზიაში გადახდებისთვისაც შეძლებენ. ეს ირანის ბანკთაშორისი ქსელის, შეტაბის(Shetab), რუსეთის მირის (Mir) სისტემასთან დაკავშირების გზით მოხერხდა.
ანალოგიური ოპერაციის განხორციელებას ირანი აპირებს სხვა ქვეყნებშიც, რომლებთანაც მას ფინანსური და სოციალური ურთიერთობები აქვს, მაგალითად, ერაყში, ავღანეთსა და თურქეთში.
როგორც ცნობილია, უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები ირანს ადანაშაულებენ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების და რაკეტების მიწოდებაში.
ცნობისთვის, 2018 წლიდან ირანულ ბანკებს შეწყვეტილი აქვთ SWIFT-ის საერთაშორისო ქსელის მომსახურება, რომელიც გლობალური ტრანზაქციების უმეტესობას უზრუნველყოფს. ეს იმ ფართო სანქციების ნაწილია, რომელიც ირანს დაუწესეს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა.
დასავლური სისტემების ალტერნატიული სავაჭრო და ფულადი სისტემების ჩამოყალიბების პროცესში არიან BRICS და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO), რუსეთის და ჩინეთის ლიდერობით.