მარცვლეულით მოვაჭრე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია Viterra რუსული ხორბლის ექსპორტს წყვეტს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
კანადაში დაფუძნებული Viterra მეორე გლობალური კომპანია იქნება, რომელიც უარს ამბობს რუსეთიდან მარცვლეულის შესყიდვაზე.
ერთი დღით ადრე, ხორბლის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეტყობინება ამერიკული Cargill-ის შვილობილმა კომპანიამ გაუგზავნა. შეტყობინებაში წერია, რომ ის მომავალ სეზონზე (2023 წლის 1 ივლისიდან) რუსეთიდან მარცვლეულის შესყიდვას აღარ გეგმავს.
სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპანიის მიერ ურთიერთობის შეწყვეტა, რუსული მარცვლეულის საზღვარგარეთ გადაზიდვებზე გავლენას არ მოახდენს.
Viterra ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტ სოფლის მეურნეობის პროდუქტს ამუშავებს, მათ შორის ხორბალს, პარკოსნებს, ბრინჯს, შაქარს და მცენარეულ ზეთს, ასევე, ცხოველთა საკვების მრავალფეროვან პროდუქტს. კომპანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვას 65-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და 125-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის.