2024 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი მცირედით გაიზარდა, ფქვილის კი 3-ჯერ შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, წელს 3 თვეში საქართველომ ჩრდილოეთში $15.139 მლნ-ს ღირებულების 61 436 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი $12.487 მლნ-ს 39 577 ტონა.
ფქვილის შემთხვევაში კი კლება ფიქსირდება. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-მარტში, რუსეთიდან შემოვიდა $4.301 მლნ-ს ღირებულების 17 891 ტონა ფქვილი, წინა წლის შესაბამის პერიოდში კი $13.059 მლნ-ს ღირებულების 42 248 ტონა.
რაც შეეხება მთლიანად იმპორტს, წელს საქართველომ $4.669 მლნ-ს 18 478 ტონა ფქვილი იყიდა, ხორბალი კი 61 436 ტონა, რაშიც $15.139 მლნ გადაიხადა.
ფქვილის იმპორტის შემცირების მთავარი მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვით, ერთი ტონის შემოტანა 250 ლარით იბეგრება.
საიმპორტო გადასახადი ფქვილზე 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული რეჟიმი 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდა.