ლონდონში რეგისტრირებულმა გლობალურმა სავაჭრო კომპანია Glencore-მა ივლისში ათასობით ტონა სპილენძი რუსეთიდან თურქეთის გავლით იტალიაში გაიტანა. ამის შესახებ Financial Times საბაჟო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, Glencore-მა შეიძინა ურალში კომპანია UMMC-ის მიერ წარმოებული მინიმუმ 5000 ტონა სპილენძი, რომელიც თურქეთიდან იტალიის პორტ ლივორნოში გადაზიდა.
დასავლეთს სანქციები რუსული ლითონებით ვაჭრობაზე არ დაუწესებია, შეზღუდვები შეეხო ზოგიერთ ოლიგარქს და მწარმოებელს. სანქცირებულთა შორის არიან UMMC-ის მენეჯერები. შეერთებულმა შტატებმა UMMC-ის წინააღმდეგ სანქციები მიმდინარე წლის ივლისში გააფართოვა.
Glencore-მა განაცხადა, რომ ხელშეკრულება უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაიდო და ომის დაწყების შემდეგ რუსულ კომპანიასთან ახალი კონტრაქტები არ გაფორმებულა.
Glencore ასევე აგრძელებს ვაჭრობას რუსულ ალუმინის მწარმოებელ RusAl-თან. ხელშეკრულებას ვადა მომავალი წლის ბოლოს ეწურება.
FT აღნიშნავს, რომ ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ Glencore-მა დაარღვია სანქციები. თუმცა, ეს ფაქტი აჩვენებს ევროპის დამოკიდებულებას რუსული საქონელზე, ისევე როგორც თურქეთის, როგორც სატრანსპორტო კვანძის ფუნქციას.
რუსული საქონლის მარშრუტი ევროპისკენ
თურქეთის მსგავსად, დუბაიც ბიზნესცენტრად იქცა შუამავლებისთვის, რომლებიც რუსული საქონლის ევროპაში იმპორტს ახორციელებენ.
კერძოდ, რუსულ პროდუქციას არაბული კომპანიები ყიდულობენ და შემდეგ ევროპაში გადააქვთ.
„თურქეთი რუსული თუთიისა და სპილენძის და შედარებით უფრო მცირე ოდენობით, ალუმინის სავაჭრო დერეფნად იქცა. ის გადაზიდვის პუნქტს წარმოადგენს“, – დაუდასტურა გამოცემას ერთ-ერთი სავაჭრო კომპანიის ტოპ მენეჯერმა.
თურქეთი არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ინარჩუნებს მჭიდრო დიპლომატიურ და ეკონომიკურ კავშირებს მოსკოვთან.
Trade Data Monitor-ის მონაცემებით, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში თურქეთის მიერ რუსული სპილენძის იმპორტი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და 159 000 ტონას მიაღწია.
კვლევითი კომპანია CRU Group-ის შეფასებით, თურქეთში სპილენძისა და მავთულის იმპორტის მოცულობა 2023 წლის პირველ ნახევარში 125 000 ტონით გაიზარდა 330 000 ტონამდე, რაც საგრძნობლად აღემატება შიდა მოთხოვნილებას.
თავის მხრივ, იტალია გახდა თურქეთიდან სპილენძის უმსხვილესი შემსყიდველი, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიწოდების მკვეთრი ვარდნის ფონზე. ექსპერტების აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ იტალია რუსული სპილენძის სავაჭრო გზის განუყოფელი ნაწილი ხდება.