რუბლის კურსმა დოლარისა და ევროს მიმართ, პარასკევს, ერთკვირიანი ვარდნის შემდეგ, ოდნავ მოიმატა. აშშ დოლარის კურსი 81,13 რუბლი/$1 იყო, ხოლო 1 ევრო 88,91 რუბლს შეადგენდა.
რუბლის ვარდნის შესაჩერებლად რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ სასწრაფოდ გაავრცელა ინფორმაცია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების შესახებ.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მარტში დეფიციტი $2,2 მილიარდით შემცირდა. ამის მიუხედავად, რუსეთის ბიუჯეტში $30 მილიარდამდე გარღვევა მაინც რჩება.
შემცირებული შემოსავლები
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსავლებმა პირველ კვარტალში $70 მილიარდი შეადგინა, რაც 21%-ით ჩამორჩება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ეს გამოწვეულია ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შემოსავლების შემცირებით, რაც 45%-იანი კლებაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გაყიდული კომპანიები და ვალუტის გადინება
სიტუაციას ამძიმებს რუსეთიდან უცხოური კომპანიების გასვლა. ისინი აქტივებს ადგილობრივ ინვესტორებზე ყიდიან და მიღებული თანხები რუსეთიდან ვალუტის სახით გააქვთ.
ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ Shell-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლა დაასრულა და ნებართვა მიიღო რუსეთიდან თანხის გატანაზე.
ცნობისთვის, გასულ წელს Shell plc-ის შვილობილმა კომპანიამ $1,21 მილიარდად გაყიდა 50%-იანი წილი Salym-ის პროექტში, რომელსაც Gazprom Neft-თან ერთად ახორციელებდა. ინფორმაცია კომპანიის მიერ კაპიტალის გატანის შესახებ, ხელს უწყობს რუბლის ვარდნას.
როგორც ცნობილია, რუსეთში აქტივებს სხვა უცხოური კომპანიებიც ყიდიან. შესაბამისად, პროგნოზი რუბლისთვის სასარგებლო არ არის. დიდი ალბათობით, ის უცხოური ვალუტის მიმართ გაუფასურებას გააგრძელებს.