რუბლის ვარდნის გამო რუსეთის ცენტრალურ ბანკში საგანგებო სხდომა დაინიშნა
დღეს, დირექტორთა საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის საკითხი უნდა განიხილონ. წინასწარი პროგნოზით, ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8,5%-დან 10-12%-მდე გაზრდის.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შეხვედრების განრიგს პუტინის მრჩევლის კრიტიკის შემდეგ გადაუხვია.
ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მაქსიმ ორეშკინმა, რუბლის დაცემის მთავარ მიზეზად ცენტრალური ბანკის რბილი მონეტარული პოლიტიკა დაასახელა და ხელმძღვანელობას სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მოუწოდა.
რუსეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ რუბლის გაუფასურების ხარჯზე წლის ბოლომდე ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან დაახლოებით ტრილიონი რუბლის ($11 მილიარდი) დამატებით შემოსავალს მიიღებს, რასაც ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად გამოიყენებენ.
მანამდე რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუბლის ვარდნა რუსეთის ბიუჯეტის შევსებას უწყობს ხელს და ხელისუფლება მის შესაჩერებლად ზომების მიღებას არ გეგმავს.