3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა.
გაეროს მიერ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე დაწესდა „იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც გაბედულად მუშაობენ სიმართლის გამოსავლენად”.
ამ დღის დაწესებით გაეროს ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს, რომ მათი მოვალეობა არის პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. გაეროს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარი პრინციპია.
2023 წელი ჟურნალისტიკისთვის კიდევ ერთი მძიმე წელი იყო.
გაეროს თანახმად, გასულ წელს დაიღუპა 71 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი.
პრესის თავისუფლების დღის დაწესებიდან 31 წლის შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი ამბობს, რომ დღეს, გლობალური დაპირისპირებისა და პოლარიზაციის პირობებში, დეზინფორმაცია აზარალებს მედიასა და სოციალურ სფეროს, აძლიერებს სიძულვილს და განხეთქილებას.
„ეს იყო წელი, რომელიც ხასიათდებოდა ისევ დაუსჯელობით.
ჟურნალისტების მკვლელობის საქმეების მხოლოდ 13% არის გამოძიებული. დააპატიმრეს 320 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი, რაც აქამდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როცა ჟურნალისტს ვკარგავთ, თვალსა და ყურებს ვკარგავთ. ხმას ვკარგავთ უხმოდ.
ჩვენ ვკარგავთ, ფაქტობრივად, უფლებადამცველს”,- ამბობს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი.
პრესის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა
პრესაზე პოლიტიკური თავდასხმები, მათ შორის ჟურნალისტების დაკავება, დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა და დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელება, მნიშვნელოვნად გაძლიერდა გასულ წელს, აღნიშნულია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) მიერ გამოქვეყნებული პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის შეფასებაში.
ინდექსი 180 ქვეყანას აფასებს ჟურნალისტების თავისუფლად და დამოუკიდებლად მუშაობისა და გაშუქების შესაძლებლობის მიხედვით.
ინდექსი აჩვენებს, რომ პრესის თავისუფლების ხარისხი გლობალურად შემცირდა და მკვეთრად არის მომატებული ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ პოლიტიკური რეპრესიები.
„პრესის თავისუფლებას მთელ მსოფლიოში ემუქრებიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც უნდა იყვნენ მისი გარანტი – პოლიტიკური ხელისუფლება. ამას ადასტურებს მსოფლიო პრესის თავისუფლების უახლესი ინდექსი, რომელიც 7,6 პუნქტით არის შემცირებული.
სახელმწიფოების და სხვა პოლიტიკური ძალების როლი უარესდება პრესის თავისუფლების დაცვაში. მათი უფლებამოსილება ხანდახან იღებს მტრული ქმედებების სახეს, რომლებიც ძირს უთხრის ჟურნალისტების როლს, მათ შორის მედიის შევიწროებას დეზინფორმაციული კამპანიების გამოყენებით“,- თქვა ანა ბოკანდემ, RSF-ის სარედაქციო დირექტორმა.