კონკურენციის სააგენტო სწავლობს რონიკოს, სილქ როუდ ენჯინიარინგის და ფ/პ თემურ ბოლქვაძის მიერ მათი კონკურენტი კომპანიების მიერთების საკითხს.
როგორც ირკვევა, ამ სამმა კომპანიამ სააგენტოსთვის შეუტყობინებლად აქსესუარებისა და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე სექტორში სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში და შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობის ბაზრებზე კონკურენტების შერწყმა განახორციელეს.
კერძოდ, რონიკომ შეიძინა ართთაიმის 100%, სილქ როუდ ენჯინიარინგმა ასევე, მთლიანად შეისყიდა ფარმარეა, ხოლო ფ/პ თემურ ბოლქვაძემ კომპანია ლეგომეტალის 100%.
ახლა კონკურენციის სააგენტო იკვლევს, ეს გარიგებები რამდენად იყო თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან.
სააგენტომ შემსყიდველი კომპანიები დააჯარიმა. კანონმდებლობით, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში, კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით ჯარიმდებიან. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარით არის განსაზღვრული.
ასევე, მათ დაევალათ კონცენტრაციის დადასტურების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი განცხადების შეტანა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების სააგენტოში წარმოდგენის უფლება აქვთ.
ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. ჯარიმის დაკისრება პირს შეტყობინების წარმოდგენისგან არ ათავისუფლებს.
2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის კონცენტრაცია გადამოწმდა. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, 2 გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა.