არაბი ინვესტორების ინტერესს საქართველოში აგროსექტორი, ლოგისტიკა, რითეილი, ტურიზმი და სხვა მიმართულებები წარმოადგენს. მათ ასევე, ინტერესი აქვთ ანაკლიის პორტის მიმართ..
ამის შესახებ თბილისში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმის შემდეგ გახდა ცნობილი. ფორუმს ესწრებოდნენ საამიროების მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორიდან.
გუშინვე, გაიმართა მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.
ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ ამედ ალ ზეიუდმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლის თანახმად, განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი ოფიციალური ხელმოწერისთვის მზად იქნება.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც საქართველოს დამატებით 10-მილიონიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.
გასულ წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან სავაჭრო ბრუნვა $400 მილიონზე მეტი იყო. 2003 წლიდან დღემდე საქართველოში არაბეთიდან $1,1 მილიარდამდე ინვესტიციაა განხორციელებული.