2025 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს აქციზი და ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებისთვის მოგების გადასახადი გაიზარდა.
კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მომატების შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 13 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო და დოკუმენტს ხელი მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.
კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პაატა კვიჟინაძემ, ირაკლი კირცხალიამ, ირაკლი ზარქუამ, რამინა ბერაძემ და ირაკლი ხელაძემ მოამზადეს. ინიციატორებმა აქციზის გაზრდის აუცილებლობა ეკონომიკური ზრდითა და მასზე მოთხოვნის შემცირების მოტივაციით ახსნეს.
აქციზი გაიზარდა:
- სიგარეტებზე (20 ღერი) – 1,7 ლარიდან;
- თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობით ნაწარმზე (20 ღერი) – 1,7 ლარიდან 1,85 ლარამდე;
- სიგარებზე – 1,9 ლარიდან 2,1 ლარამდე;
- წვრილ სიგარებზე (20 ღერი) – 2,2 ლარიდან 2,4 ლარამდე;
- ნიკოტინის შემცველ ნაწარმზე (1 მლ) – 1 ლარიდან 1,2 ლარამდე.
გადასახადი გაიზარდა ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებისთვისაც. მათთვის მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ის ნაცვლად 20% იქნება. ინიციატივის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონი ლარი შევა.
აზარტული თამაშების კომპანიები, რომლებიც ელექტრონული ფორმით აწვდიან მომხმარებლებს აზარტული თამაშების სერვისებს, განსხვავებული წესით იბეგრებიან. კერძოდ, ისინი 2022 წლიდან არა განაწილებული მოგების გადასახადს, არამედ მათი წმინდა აზარტული შემოსავლების (GGR) 15%-ს იხდიდნენ.
აღნიშნული გადასახადი მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის 15%-ს წარმოადგენს. 2025 წლიდან მათი მოგების გადასახადი GGR-ის 20% იქნება.