საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,
- 2023 წლის 6 თვეში საქართველოში 6 539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 21 326 კომპანიაა რეგისტრირებული. 2022 წლის მარტიდან საქართველოში 3-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში;
- 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. ეს მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;
ორგანიზაციამ საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ბაზებიდან მოიძია ის კომპანიები, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელები რუსეთის იურიდიული ან ფიზიკური პირები (მოქალაქეები) არიან. სწორედ ასეთ კომპანიებს ვუწოდებთ რუსულ კომპანიებს.
თუმცა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განმარტებით, ეს შესაძლოა, არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 29 000-მდე ისეთი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან.
რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა წლების მიხედვით
აღნიშნული კომპანიების 74% (21 326-მდე) უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში დარეგისტრირდნენ. 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 14 977 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 16-ჯერ მეტია 2021 წელს რეგისტრირებულ კომპანიებთან შედარებით. 2023 წლის პირველ ნახევარში კი 6 539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.
2022-2023 წლებში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 99%-ს არაქართული გვარები აქვთ.
საქართველოში კომპანიის რეგისტრაციის დროს კომპანიის მომავალი საქმიანობის სფეროს მითითება არ ხდება. თუმცა, როდესაც კომპანია საქმიანობას იწყებს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მისი საქმიანობის სფერო საქსტატისთვის ცნობილი ხდება.
ამჟამად 2022 წელს რეგისტრირებული 2 362 რუსული კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი, საიდანაც 1 884 კომპანია (80%) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. აღნიშნული მეწარმეების 99% ინდივიდუალური მეწარმეა. შემდეგ მოდის დიზაინერული და სარეკლამო საქმიანობა, სადაც ამ ეტაპზე 1 126 კომპანიაა იდენტიფიცირებული. განათლების, ხელოვნებისა და გართობის სფეროში 110 კომპანიაა, ვაჭრობის, რესტორნების და სასტუმროების სფეროში – 82 კომპანია.