საეჭვოდ გაზრდილი ექსპორტი
დასავლური მედია კვლავაც აქტიურად წერს, რომ სანქცირებული საქონელი რუსეთში თურქეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გავლით ხვდება.
ამის საპასუხოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ირწმუნება, რომ საბაჟოზე მოძრავ ტვირთს სრულად აკონტროლებს და სანქცირებული პროდუქტი საქართველოში არ შემოდის. თუმცა, კითხვის ნიშნებს აჩენს საქართველოდან ექსპორტისა და რეექსპორტის ზრდა განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, საიდანაც რუსეთში მისი მოხვედრის მაღალი შანსი არსებობს.
საქსტატის მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტი მომატებულია და პარალელურად, მკვეთრად არის გაზრდილი რეექსპორტი რუსეთის, სომხეთისა და ყაზახეთის მიმართულებით.
მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტმა $475 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 25%-ით მეტია (2022 იანვარ-თებერვალი: $378 მლნ). განსაკუთრებული ზრდა შეიმჩნევა ევროპის ქვეყნებიდან სმარტფონების იმპორტის მიმართულებით..
ამავე პერიოდში საქართველოდან რუსეთში განხორციელებულმა ექსპორტმა 38%-ით, $128,2 მილიონამდე მოიმატა. რეექსპორტში პირველი ადგილი ავტომობილებს უკავია.
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან სომხეთში განხორციელებულმა ექსპორტმა $133 მლნ შეადგინა, რაც 192%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022 იანვარ-თებერვალი: $45.6 მლნ). დიდი ნაწილი ამ შემთხვევაშიც, რეექსპორტზე გასული მსუბუქი ავტომობილებია – 1834 ერთეული, $50.2 მილიონის.
კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან ექსპორტის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება ყაზახეთია. ამ ქვეყანაში იანვარ-თებერვალში $78 მილიონის პროდუქცია გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე თითქმის 4-ჯერ მეტია.
რუსეთის მთავარი მომმარაგებელი
როგორც დასავლური მედია წერს, სანქცირებული ტვირთებით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტი ყაზახეთზე გადის, ვისთანაც რუსეთს ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვს. ყაზახეთის გზით რუსეთში შედის ათასობით დასახელების საქონელი, ტელეფონებით დაწყებული, თვითმფრინავის ნაწილებით და იშვიათი ლითონებით დამთავრებული. ვაჭრობის ზრდა იმდენად დიდია, რომ ყაზახეთის საბაჟო გადატვირთულია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლური პროდუქტი ძვირად, მაგრამ მოსკოვში კვლავაც ხელმისაწვდომია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რეგიონში ვიზიტის დროს, რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა.
პასუხად, ცენტრალური აზიის ხელმძღვანელმა პირებმა თქვეს, რომ რუსეთისკენ რეექსპორტის შეჩერება არ შეუძლიათ.
რუსეთი ყაზახეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს ყაზახეთის ექსპორტი რუსეთში 25%-ით გაიზარდა და $8,8 მილიარდი შეადგინა.
მათ შორის, პლასტმასის მილების ექსპორტი ყაზახეთიდან, რომელიც რუსეთში დეფიციტური გახდა, 3-ჯერ არის გაზრდილის და $12 მილიონს აღწევს.
ამავდროულად, ყაზახეთმა მკვეთრად გაზარდა კომპიუტერების იმპორტი ევროპის ქვეყნებიდან და ტაივანიდან, თუმცა, უცნობია, მათი რა ნაწილი გავიდა რეექსპორტზე რუსეთში.
Reuters წერს, რომ რუსულ ბანკებს პლასტიკური ბარათების წარმოებისთვის საჭირო მასალები ქვეყანაში ყაზახეთის გავლით შეაქვთ.