კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიების გაერთიანების 2 საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ერთი საქმე ეხება დეველოპერულ ბაზარზე, ანაგი დეველოპმენტ 2-ის და თეთრი კვადრატი ისანში გაერთიანებას, ხოლო მეორე საკითხი სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე, დიპლომატ ჯორჯიასა და კანტს შორის კონცენტრაციას.
სააგენტო განსახორციელებელი გაერთიანების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს.
ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ არაუგვიანეს 2023 წლის 28 ივლისისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov.ge ან მისამართზე – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-8 სართული.
2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119 კომპანიის კონცენტრაცია გადამოწმდა. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.