თიბისი კაპიტალმა ლარის კურსის 2024 წლის პროგნოზს გადახედა.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან, წლის ბოლოსთვის ადრე ნავარაუდევი დაახლოებით 2.80 ნიშნულის ნაცვლად, ახლა შეფასება უფრო 2.75-ისკენ იხრება.
ლარის კურსის პროგნოზზე, სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად, გავლენა მოახდინა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების გადახედვამ.
თიბისი კაპიტალის ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი, მთლიანობაში, გაუმჯობესებულია.
როგორც ცნობილია, საქსტატმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის შეფასებები ზრდის მიმართულებით განაახლა. მართალია განსხვავებები მკვეთრი არაა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ როგორ მოქმედებს ეს გარემოება ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
პირველ რიგში, განსაკუთრებით 2024 წლისათვის, იზრდება ეკონომიკური აქტივობის პროგნოზი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის მეტი ზრდა, შედარებით უფრო მყარ ლართან არის ასოცირებული.
ამასთანავე, როგორც თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, ეკონომიკის პოტენციური დონის შეფასებისათვის ფაქტობრივი მაჩვენებლები ყოველთვის არ გამოდგება და შეძლებისდაგვარად მხედველობაშია მისაღები ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენა.